27 მაისი ახლოვდება, დიასპორის დღე. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში უკვე რამდენიმე დღეა დილა სტუმრების მოსვლით იწყება. ეს სტუმრები ჩვენი თანამემამულეები არიან, რომელნიც სიხარულით ჩამობრძანდნენ თავიანთ სამშობლოში დიასპორის დღეზე დასასწრებად. ვინაიდან, სტუმარი ბევრია, შესაძლებელია, ყველასგან ინტერვიუს აღება არ მოხერხდეს, მაგრამ უყურადღებოდ, ბუნებრივია, არავის დავტოვებთ.

ამჯერად, ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ როგორ ცხოვრობენ ქართველები ჰოლანდიაში. რესპოდენტებთან საუბრის დროს ბევრი პრობლემატური საკითხი გამოიკვეთა.
ჩვენმა შვილებმა უნდა გაიცნონ თავიანთი სამშობლოს კულტურა
- ქალბატონო ინგა, მოდით, ასე დავიწყოთ, დაახლოებით რამდენ ქართველს აერთიანებს ჰოლანდიის ქართული სათვისტომო?
- ჰოლანდიაში, მოგეხსენებათ, საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ ისინი გაფანტულნი არიან. სისტემატურად ვიკრიბებით ოციოდე ადამიანი. საერთოდ, ის, რომ ჰოლანდიაში არსებობს ქართველთა სათვისტომო ქალბატონი მარეხ ტოგონიძის დამსახურებაა. ის ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს ჩვენი სათვისტომოსთვის
- რამდენი ხანია, რაც თქვენი სათვისტომო არსებობს?
- საკმაოდ დიდი ხანია, მაგრამ ამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ქართველები შემოგვემატნენ და ერთმანეთთანაც უფრო დავახლოვდით.
- ეწევით თუ არა კულტურულ საქმიანობას. გვითხარით, მაგალითად, გაქვთ თუ არა საკვირაო სკოლა?
- საკვირაო სკოლა ძალიან მტკივნეული და ამჟამად მოუგვარებელი საკითხია, ჩვენ გვქონდა საკვირაო სკოლა, მაგრამ ახლა აღარ ფუნქციონირებს, ვაპირებთ მის აღდგენას. ძალიან გვჭირდება ქართულის მასწავლებელი. ასევე გვინდა, რომ საკვირაო სკოლაში ისწავლებოდეს ქართული ცეკვები, ბალეტი.
- ხომ არ კარგავენ ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველები მშობლიურ ენას?
- დაკარგვით, ალბათ, არ კარგავენ, მაგრამ ამ თვალსაზრისით აქტიურობა ნამდვილად საჭიროა. ჩვენ უცხო გარემოში ვცხოვრობთ და ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია.
- არის თუ არა ჰოლანდიაში მართლმადიდებლური ეკლესია?
- ჰოლანდიაში არ არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მაგრამ არის ბელგიაში და ჩვენ სალოცავად იქ დავდივართ. ესეც პრობლემური საკითხია.
- გვითხარით კიდევ რა პრობლემები არსებობს და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
- მნიშვნელოვანი პრობლემაა არალეგალებისთვის სტატუსის მინიჭება. მეეჭვება, რომ თქვენ ამ საკითხში ჩვენი დახმარება შეძლოთ. კარგი იქნება ქართული კულტურის პროპაგანდაში თუ გვერდში დაგვიდგებით. ვინაიდან, ჩვენმა შვილებმა უნდა გაიცნონ თავიანთი სამშობლოს კულტურა. ვგეგმავთ ჰოლანდიაში ქართული კულტურის დღეების ჩატარებას. იმედია, წარმატებით განვახორციელებთ ჩანაფიქრს. დიდი სურვილი გვაქვს დავდგათ ქართული სპექტაკლები.
- წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფერში დაგეხმარებით. თუ გელოდებათ ჰოლანდიაში საზოგადოება, რომელსაც აინტერესებს, როგორ ჩაიარა დიასპორის დღემ საქართველოში?
- არათუ ქართველები, არამედ ჰოლანდიელებიც კი ელოდებიან ჩვენს ჩასვლას. ზოგადად არ გვახსოვს ასეთი ინტერესი საქართველოს მიმართ ევროპას როდესმე გამოეჩინოს. როდესაც პირველად ჩავედით ჰოლანდიაში, ბევრმა არც კი იცოდა, რომ ასეთი ქვეყანა არსებობდა. ახლა სულ სხვა ვითარებაა, შესაბამისად, დაინტერესებაც დიდია.
- რას იტყვით საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ?
- ვფიქრობთ, რომ ქუჩაში პოლიტიკური პროცესები ვერ გადაწყდება, მაგრამ რადგან საზოგადოების ერთი ნაწილი ქუჩაშია გამოსული, მათაც უნდა მოვუსმინოთ. საჭიროა დიალოგი.